(ვინც ილხენს ახლა...)
ვინც ილხენს ახლა, _
უფრო ცოდოა, _
ვიდრე ის ბევრი, _
ახლა ვინც ტირის...
ამგვარში, _
დღეს რომ საქართველოა, _
არც სიცოცხლე ღირს
და არც სიკვდილი!
(სამშობლოს ჩემსას...)
სამშობლოს ჩემსას იშვიათად უგრძვნია შვება, _
საყიალოა თავისობას ის რადგან სხვების.
მას დღემდე ბევრი სისაძაგლე შესძინეს სხვებმა; _
იგია, მოკლედ, საკუთარი სიკარგის მსხვერპლი.
(ტა,ტა,ტა,ტა!..)
ტა,
ტა,
ტა,
ტა!
რანაირად ბრდღვინავს არაგვი!
ხო,
ხო,
ხო,
ხო! -
ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა!
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს, -
თვარა, - კი!..
სხვა
როცა მე შემომნატრის,
მე
მივბაძო სხვას?!
მე - პატრონმა,
მე - პატრონმა
ამისთანა ზღვის,
მე - პატრონმა,
მე - პატრონმა
ამისთანა ცის, -
თუ ღმერთი გწამს,
თუ კაცი ხარ -
სხვას მივბაძო?! -
ვის?!
რა გინდა რომ აქ არ იყოს, -
ენა იტყვის რას!
სიტყვა გინდა?! -
მარტო წვიმას
აქვს სახელი ცხრა.
მე შენ გეტყვი -
არ გეყოფა სიტყვის მარაგი...
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს, -
თვარა, - კი!
ახლაც დაყრილი (როგორც მაშინ)არის ფარ-ხმალი
ზღვრები როდესაც მორღვეული ჰქონდა ფანატიზმს,
იკლებდა ქალაქს მეწამული როცა პარადი,
ამაზრზენს ხდიდა ქუჩას როცა რეგვენთ ქიჩმაჩი, _
ძაღლის ღიმილით
ტრიბუნაზე
იდგა
ის
მაშინ.
ხდება რაიმე, არ გეგონოს ახლა ახალი! _
ახლაც დაყრილი (როგორც მაშინ) არის ფარ-ხმალი.
მე მიყვარს
მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო,
იმ დროს,
როდესაც
დედაქალაქს
დაიპყრობს ძილი...
მიყვარს,
მიყვარს
და...
არ ვიცი რატომ!
(მიზეზის პოვნას
არცთუ ისე ძალიან ვცდილობ).
დავდივარ.
მესმის საკუთარი ფეხის ხმა მხოლოდ...
იღვრება დიდი ფანჯრებიდან სინათლე ლურჯი.
და...
ვიცი:
ვივლი,
ვივლი,
ვივლი,
ვივლი
და...
ბოლოს
სასაფლაოზე წამიღებენ ამავე ქუჩით.
აუცილებლად,
უსათუოდ
მოხდება ასე!
მაგრამ მე მაინც
გმადლობ, დედა,
დედაო, გმადლობ!
ვხედავ ქვეყანას —
სინათლით სავსეს...
დავდივარ,
ვღელავ,
მიყვარს,
მაწვიმს,
ვიცინი,
მათოვს.
(მითხარი, ცაო...)
მითხარი, ცაო, მითხარ, ზღვაო, მითხარით, ძმებო;
მითხარ, არწივო, მითხარ, მუხავ, მითხარი, შურთხო:
რაა საჭირო, _ რა გზა უნდა გამოიძებნოს,
რომ საქართველომ თავისუფლად ამოისუნთქოს!
მის გულში გადის სამყაროსი უდრეკი ღერძი.
ის არასოდეს არ იკადრებს, რაც არ ეგების.
მას ალაზანი სახრესავით უჭირავს ხელში
და კავკასიონს აქლემივით მიერეკების.
(ქალია დილა...)
ქალია დილა,
მიწა — ქალი
საღამო — ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, — ასე მგონია:
მე რო მიყვარს, —
მართმევენ იმ ქალს.
(შენ – სისხლო ჩემო..)
შენ – სისხლო ჩემო – სად არ დაღვრილო...
შენ – სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს, რამ გაგაკვირვოს, -
ნადიდგორალი, ნაშამქორალი.
შენ – სისხლო ჩემო – შენი ღვაწლია,
რამაც აქამდე კი მოაღწია:
სვეტიცხოველი... ხანძთა... ვარძია და ისიც, -
რაც მტერს წარუტაცნია...
შენ – სისხლო ჩემო – შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია...
სიტყვა, რომელიც გეჩოთირება, ვცდილობ, -
გაშორო, რაც შემიძლია...
შენ – სისხლო ჩემო – სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცნაურო...
საბედნიეროდ, საბედნიეროდ, -
ჰაი, ჰაი, რომ კიდევ ხმაურობ!
(ყველამ გამწირა...)
ყველამ გამწირა, _
მეგობრისა ვინც იყო მსგავსი:
მიწაზე ყოფნას
ზოგმა ყოფნა არჩია ცაში.
ზოგი მათგანი
ქვეყნის დამქცევს ჩაუჯდა ნავში:
ტყე აიჩეხა, _
ტყის ადგილას ერთი ხე დავრჩი.
თუ სიკვდილია...
გადავლახავდი დრო-ჟამის მიჯნას,
ვიქათქათებდი,
ვით ალავერდი, —
მიზანს და სიკვდილს მიზნისას მიზნად, —
დედა რომ არა
ორთავეს ერთი.
ვერ მივაღწიე,
ვერ ვეღირსე უკეთუ მიზანს.
ვერ გავისწორე უკეთუ ხოში, —
რა ბედენაა დიდუბის და მთაწმინდის მიწა!..
თუ სიკვდილია! —
აი, წოლა მესმის შამქორში.
რაც სურდა საბას
თუ მსურდეს სხვა რამ, _
ღმერთმა დამლახვროს!
მსურს მხოლოდ იგი, _
რაც საბას სურდა:
კაცმა ქართველმა, _
მსურს, _
ქართულად ილაპარაკოს
და საქართველოს _
საქართველო, _
მსურს, _
ერქვას მუდამ!
ღმერთმა ქართული, _
აწ და მარად, _
აკურთხოს მიწა!
სვის ჩარხმა მისმა
აწი მაინც იბრუნოს წაღმა! _
და ყველას, _
ჰქვია ქართველი ვისაც, _
მსურს, _
სურდეს იგი, _
რაც სურდა საბას!
ნუ გაიკვირვებ!
ულხინს თუ უმძიმს, _
სულ ერთია! _
ყველა რწმუნდება! _
ძალმომრეობის დათვლილია უკვე წუთები! _
და, _ ვინც მიგანა, _
ისევ ჩემთან
მოძუნძულდება!
და ისევ:
არვინ ეყოლება
მას ჩემი ფასი!
და ისევ:
შესვამს სადღეგრძელოს
ის ჩემსას თასით!..
კი, მარა! _
ბნელა?! _
მეც კაცი და
ეს კაციც _
კაცი?!
მე ვინც დამწიხლა! _
მე ვინც მირქინა! _
სულზე ქართულზე, _
დღეს ვინც ქირქილებს!..
ნუ გაიკვირვებ! _
ხვალ ჩემთან ძმობა
მოიწადინოს
კაცმა
იგივემ!
ჩემი ეპიტაფია, _ წასაწერი საფლავის ქვის ორივე მხარეზე (ქვედაზეც, ზედაზეც), _ მკვდარმაც რომ წაიკითხოს და ცოცხალმაც
შენი არ იყოს, _ ჩემო ირაკლი! _
ვერ ვიდევგმირე! _ ვერ ვიწინაპრე! _
ჭირმა ჩემმა და ჩემმა სილაღემ! _
მამულმა შენებრ შემიწირა მე.
(დიდად მიკვირს...)
დიდად მიკვირს
(თავს არ ვიქებ), _
განა რამე მე ავი ვქენ? _
სვე რას მერჩის, ვერ გავიგე! _
სით გავიქე, _
მუნ წავიქე!